„კომენდანტის საათის“ მოხსნის საკითხს საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს განიხილავს

გასულ წელს კორონავირუსის პირველი ტალღის დროს საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მორწმუნეებს მისცეს სააღდგომო წირვაზე დასწრების უფლება, მაგრამ „კომენდანტის საათი“ არ გაუქმებულა
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. სააღდგომოდ „კომენდანტის საათის“ შესაძლო მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო 26 აპრილს მიიღებს, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრი: დაწესებული შეზღუდვების გაუქმება არ იგეგმება

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს ზეიმობს. იმ ღამეს ყველა ტაძარში წირვა აღევლინება.

 „აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხი ჯერ განიხილება და შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ორშაბათს იქნება საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილება ამ საკითხზე იქნება მიღებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მორწმუნეებს დაიცვან იგივე რეკომენდაციები, რაც შარშან იყო - დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება როგორც ტაძრებში, ისე ტაძრებს გარეთ.

გასულ წელს კორონავირუსის პირველი ტალღის დროს საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად მორწმუნეებს მისცეს სააღდგომო წირვაზე დასწრების უფლება, მაგრამ „კომენდანტის საათი“ ძალაში დატოვეს. მიუხედავად ამისა, მორწმუნეთა უმრავლესობამ აღდგომის ღამეს შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ტაძრებში გაათენა.

ვიხსნათ ტურისტები შიმშილისგან - ქართველი ბიზნესმენები შეზღუდვების შერბილებას მოითხოვენ

წელს „კომენდანტის საათი“ საშობაო წირვის დროს გააუქმეს.

ეპიდემიოლოგებმა კი უკვე კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

„ყველა ინდიკატორი თანდათან უარესდება. ყველანაირი პროგნოზით, ჩვენ პიკური პერიოდი დაგვიდგება თვის ბოლოს, მომავალი თვის პირველ ორ კვირაში, ამიტომ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციაა, რომ აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრებული იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს აღემატება. ბოლო შვიდი დღის დადებითობის მაჩვენებელი 4,62%-ს შეადგენს. მოქალაქეთა მობილობის შესამცირებლად 30 აპრილიდან 12 მაისამდე საქართველოში უქმეები გამოცხადდა.