ეყოფა თუ არა „ქართულ ოცნებას“ ხმები კახა კუჭავას ასარჩევად - დეტალები

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ახალი თავმჯდომარე წინამორბედის გადადგომიდან 10 დღეში უნდა აირჩიონ
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კახა კუჭავას ასარჩევად მმართველ პარტიას დეპუტატების საკმარისი ხმები ექნება.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

„ქართულმა ოცნებამ“ კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ წარადგინა. თავად თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ახალი თავმჯდომარე წინამორბედის გადადგომიდან 10 დღეში უნდა აირჩიონ.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა სულ მცირე პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი - 76 ხმა. დღეისათვის მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.

მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის სპიკერის წარდგენა შეუძლია უმრავლესობას, უმცირესობას და ფრაქციებს. თითოეული კანდიდატის 20-წუთიანი გამოსვლის შემდეგ კენჭისყრა გაიმართება.

კუჭავა პარლამენტის დეპუტატი 2016 წელს გახდა და 2020 წლის არჩევნების შემდეგ ის კვლავ აირჩიეს. მანამდე ის იყო გეოლოგიური კომპანია Georgian Copperand Gold-ის გენერალური დირექტორი, „კავკასიის მინერალური წყლების“ გენერალური დირექტორი.

მანამდე ის იკავებდა პოსტებს საერთაშორისო სავაჭრო პალატაში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, იყო „წითელი ჯვრის“ კონსულტანტი და იურისტი ფირმაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“.