აშშ-ის პრეზიდენტმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უკვე გაუგზავნა მადლობის წერილი ამერიკის ლიდერს, ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება დაგმო
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად ცნო სომეხთა გენოციდი ოსმანთა იმპერიაში, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სომეხთა გენოციდი: ჯო ბაიდენი ფაქტის ასაღიარებლად მზადაა
„ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც დაიღუპა სომეხთა გენოციდის დროს ოსმანთა იმპერიის დროს, და კვლავ ვიღებთ ვალდებულებას არ დავუშვათ მსგავსი სადიზმის განმეორება. დაწყებული 1915 წლის 24 აპრილიდან, როდესაც ოსმანთა ხელისუფლებამ დააპატიმრა სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები და თემთა ლიდერები კონსტანტინოპოლში, მილიონ-ნახევარი სომეხი იქნა დეპორტირებული, მოკლული ან სასიკვდილოდ გაწირეს. ჩვენ პატივს მივაგებთ Meds Yeghern-ის მსხვერპლებს (სომხ. უდიდესი ბოროტება - რედ.), რათა მომხდარის საშინელება ისტორიამ არასდროს არ დაივიწყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მისი თქმით, აშშ ამას აკეთებს არა იმისათვის, რომ ვინმე დაისაჯოს, არამედ იმისთვის, რომ მომხდარი არასდროს არ გამეორდეს.

სომხეთის რეაქცია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბაიდენს მადლობის წერილი უკვე გაუგზავნა.

მისი თქმით, გენოციდის აღიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 1,5 მილიონი მსხვერპლის ხსოვნის პატივის მისაგებად, არამედ ახალი დანაშაულის აღკვეთის კუთხითაც.

თურქეთის რეაქცია

ვაშინგტონის განცხადებას Twitter-ში გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელმაც დაწერა რომ ანკარა „გმობს ამ განცხადებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმს ეყრდნობა“.

მოსაზრება: შეიცვლება თუ არა ბაიდენის დროს პოლიტიკა კავკასიაში?

ოფიციალურ განცხადებაში მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ „ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებენ“ და გენოციდის აღიარება არასდროს არ იქნება მიღებული თურქი ხალხის ცნობიერებაში, ასევე ის ღრმა იარას მიაყენებს ხალხს, რომელიც ურთიერთნდობას და მეგობრობას ძირს უთხრის.

სამინისტროში აშშ-ს „ამ სერიოზული შეცდომის“ გამოსწორებისკენ მოუწოდეს.

სომეხთა გენოციდი

სომეხთა გენოციდი — ოსმანთა იმპერიის (დღევანდელი თურქეთი) მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულია იქ მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ. გენოციდის დასაწყისად მიიჩნევა 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ ეთნიკური სომხების დასჯა გადაწყვიტა მათ მიერ მოწყობილი აჯანყების გამო. იმ მოვლენებისას დაახლოებით 1,5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა.

თურქეთი ტრადიციულად უარყოფს სომხების გენოციდში ბრალდებას და უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს დასავლეთის კრიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც.

ამასთან თურქეთი ისტორიკოსების საერთაშორისო კომისიის შექმნას მოითხოვს ქვეყნის არქივებში დაცული დოკუმენტების შესწავლისა და ობიექტური დასკვნების გაკეთების მიზნით.

ბაიდენის წინამორბედები უფრთხოდნენ თურქეთთან ურთიერთობების გაუარესებას და სიტყვა „გენოციდის“ თქმას ერიდებოდნენ. ამერიკის ლიდერები იყენებდნენ ტერმინს Meds Yeghern, რაც „უდიდეს ბოროტებას“ გულისხმობს, და ასევე ისეთ განსაზღვრებებს, როგორიცაა „XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი სიმხეცე“.

აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუციები ოსმანთა იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ 2019 წელს მიიღეს.