გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ძებნა გრძელდება: ვრცელდება ვიდეო ადგილიდან

21 აპრილს გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის 53-კაციან ეკიპაჟს ჟანგბადის მარაგი მხოლოდ შაბათის დილამდე ეყოფა.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ინდონეზიაში კვლავ განაგრძობენ ბალის ზღვაში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავი Nanggala-ს ძებნას, იუწყება გამოცემა Kompas.

წყალქვეშა ნავი უგზოუკვლოდ გაუჩინარდა: მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

გავრცელებული ინფორმაციით, სუბმარინის სამძებრო სამუშაოებში 21 ხომალდი იღებს მონაწილეობას, მათ შორის ღრმაწყლოვანი აპარატურით აღჭურვილი ოკეანოგრაფიული გემიც.

მაშველებმა აღმოჩინეს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც შესაძლოა ნავის სავარაუდო ადგილსამყოფელზე მეტყველებდეს, თუმცა, როგორც ქვეყნის სამხედრო–საზღვაო ძალების წარმომადგენელი აცხადებს, მათ ჯერჯერობით არ აქვთ საკმარისი მონაცემები იმის სათქმელად, რომ სუბმარინის კვალს მიაგნეს. კერძოდ, საუბარია ნავთის კვალზე, რომელიც შესაძლოა ეკიპაჟმა ჩაღვარა ზღვაში იმისთვის, რომ ხომალდს წყალზე ტივტივის უნარი შეენარჩუნებინა.

ამასთან ერთად აღინიშნება, რომ წყალქვეშა ნავში ჟანგბადის მარაგი ეკიპაჟს მხოლოდ შაბათის დილამდე ეყოფა.

ინდონეზიური სუბმარინის ძებნის საქმეში ასევე ჩაერთვება შეერთებული შტატებიც. როგორც პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, შეერთებული შტატები ადგილზე ავიაციას გაგზავნის.

სუბმარინაზე KRI Nanggala 402, რომელიც გერმანიაშია აგებული 40 წლის წინ, 53-კაციანი ეკიპაჟი იმყოფება. ის კუნძულ ბალის სიახლოვეს გამართულ სწავლებებში მონაწილეობდა. ნავი კუნძულ ბალიდან დაახლოებით 60 მილის მოშორებით გაუჩინარდა 21 აპრილს.