არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისთვის დაკავებულ 46 წლის მამაკაცს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისთვის დაკავებულ 46 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებული მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს ორი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნის, ასევე წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა – მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მამაკაცი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 

„არასრულწლოვნების მიერ ნივთების გაყიდვით და მოწყალების გზით შეგროვებულ თანხებს ბრალდებული თავად ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა", – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.