საქართველოში გამოსცემენ საფოსტო მარკას დანტე ალიგიერის პორტრეტით

მარკაზე გამოსახული იქნება დიდი იტალიელი პოეტის დანტე ალიგიერის პორტრეტი, რომელიც სერგო ქობულაძემ დახატა
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2021 წელს გამოსცემენ საფოსტო მარკას იტალიალი პოეტისა და მოაზროვნის დანტე ალიგიერის გამოსახულებით. ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაში.

მარკა, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით გამოიცემა, „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვის–ცენტრში გაიყიდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

წელს იტალიელი გენია დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელი სრულდება. მისი შემოქმედება არაერთი ქართველი მწერლის, პოეტისა და მეცნიერის შთაგონების წყარო გახდა.

სახელმწიფო პრემიის ლაურეატის სერგო ქობულაძის მიერ შესრულებულ დანტე ალიგიერის პორტრეტს 1956 წელს იტალიაში, ვენეციის ბიენალეზე დიდი წარმატება ხვდა წილად და საუკეთესოთა შორის დასახელდა, აღნიშნავენ „საქართველოს ფოსტაში“.

საფოსტო მარკაზე სწორედ სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული პოეტის გრაფიკული გამოსახულება იქნება აღბეჭდილი, რაც „ახალ სიმაღლეზე აიყვანს ორ ქვეყანას, საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრულ ურთიერთობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დანტე ალიგიერი (1265—1321) – უდიდესი იტალიელი პოეტი, მოაზროვნე, ღვთისმეტყველი, იტალიური ლიტერატურული ენის ერთ–ერთი ფუძემდებელი, პოლიტიკური მოღვაწე, მსოფლიო ლიტერატურული შედევრის „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორი.