საეკლესიო კალენდარი: 23 აპრილი

მართლმადიდებელი ეკლესია 23 აპრილს ქვაბთახევის მონასტერში წამებულთა; მოწამეთა: ტერენტისა, პომპიოსისა, აფრიკანესი, მაქსიმესი, ზენონისა, ალექსანდრესი, თეოდორესი და 33 სხვათა; მოწამეთა: იაკობ ხუცისა, აზადან და ავდიკი დიაკონთა, სპარსელთა ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik

Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა დედანი და მამანი, ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი ჟამთა თემურ-ლენგისასა

გიორგი ბრწყინვალის ძისწულის, ბაგრატ V-ის მეფობის დროს, სამარყანდელი თემურ-ლენგი შვიდგზის შემოესია საქართველოს ურიცხვი ლაშქრით, მტერმა ააოხრა და დაანგრია მრავალი ეკლესია-მონასტერი.

თემურ-ლენგმა ტყვედ იგდო ბაგრატ მეფე, ქართლი ააოხრა და სხვა დიდებულებთან ერთად მეფე-დედოფალი შირვანს წაიყვანა. უსჯულო თემური ყოველნაირად აიძულებდა მეფეს ქრისტიანობის დატევებას, სამაგიეროდ კი მეფის ტიტულის შენარჩუნებასა და სხვა ტყვეებთან ერთად განთავისუფლებას ჰპირდებოდა.

ბაგრატმა მოტყუებით მოიმადლიერა თემურ-ლენგი და ქართლში თავისი პატივის შენარჩუნებით დაბრუნების ნებართვაც მიიღო. ბაგრატის თხოვნით თემურმა მეფეს თან გამოაყოლა თორმეტათასიანი სპა, რომელიც მას თითქოს თავისი სამეფოს გამაჰმადიანებაში უნდა დახმარებოდა.

ხუნანს მიახლებულმა ბაგრატმა თავის ძეს, გიორგის მოუწოდა ლაშქრითურთ და თემურ-ლენგის მხედრობა დაამარცხა.

ვნების შვიდეული: როგორ უნდა მოიქცნენ მართლმადიდებლები ამ პერიოდში

ცნობამ ლაშქრის განადგურების შესახებ და ბაგრატის ღალატმა განარისხა თემურ-ლენგი და წამოემართა ბაგრატზე შურის საძიებლად. ქართველებმა მტრის პირველი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ თემურმა დამხმარე ლაშქარი მოიშველია, დაქანცულ ქართველებს ახალი ძალით შეუტია და უკან დაახევინა.

თათრებმა მოაოხრეს თბილისი, ნისანი, კალისი, ქართლის ქალაქები და სოფლები დაწვეს, წმიდა ეკლესიები დაარღვიეს და ჩააღწიეს ქვაბთახევის მშვენიერ მონასტრამდე.

ქვაბთახევში მტერს დაუხვდა „გარემო მახლობელთა მონასტერთაგანნი მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღვდელნი და დიაკონნი და თვით მონასტრისა მის ძმანი“. გარდა სასულიერო პირებისა, „ერისკაცთა მათ სიმრავლე სოფელთაგან მახლობელთა იყო არა მცირეჲ“.

ბარბაროსებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, გაძარცვეს იგი, მოხუცებულნი და უძლურნი, რომელთა ტყვედ წასხმაც შეუძლებელი იყო, მახვილით მოწყვიტეს.

ამის შემდეგ ბარბაროსებმა ყველა იქ მყოფს მიმართეს: ან უარყავით ქრისტე, ან შეკრულებს შეგყრით ეკლესიაში, შეშას შემოგიწყობთ და დაგწვავთო,

ტყვექმნილნი პასუხობდნენ: „....ვერა რაჲმემან განმაშორნეს სიყუარულსა მას ქრისტესსა, ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამ, ანუ სიყმილმან, შიშლოებამან, ანუ ურვამან, ანუ მახჳილმან, არა რაჲმეღა ჩუენდა ღვთისა მიმართ მისართუმელ დროსა მას“

საეკლესიო კალენდარი: 22 აპრილი

ასე შეიწირნენ ღვთის მიმართ ტარიგნი უბიწონი.

მოწამენი: ტერენტი, პომპიოსი, აფრიკანე, მაქსიმე, ზენონი, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი ოცდაცამეტნი 

ტერენტი, პომპიოსი, აფრიკანე, მაქსიმე, ზენონი, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი ოცდაცამეტნი იმპერატორ დეკიუსის დროს (241-251) აღესრულნენ ქრისტესთვის. იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა ქვეშევრდომს მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. როდესაც ეს ბრძანება აფრიკის გამგებელმა ფორტუნატიანემ მიიღო, მოედანზე შეკრიბა ხალხი, დასაშინებლად წამების საშინელი იარაღები აჩვენა და მოითხოვა, უკლებლივ ყველას შეესრულებინა მსხვერპლშეწირვის რიტუალი. წამების შიშით ბევრმა შეასრულა უსჯულო გამგებლის ბრძანება, მაგრამ წმიდა ტერენტიმ ორმოც ქრისტიანთან ერთად უშიშრად განაცხადა თავისი ერთგულება ქრისტესადმი.

ფორტუნატიანი მიხვდა, რომ ტერენტი თავისი მაგალითით ამხნევებდა და სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა სხვა ქრისტიანებს და ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება სამ უახლოეს მეგობართან - აფრიკანთან, მაქსიმესთან და პომპიოსთან ერთად. სხვა მოწმეებს კი, მათ შორის ზენონს, ალექსანდრეს და თეოდორეს აიძულებდა უარი ეთქვათ სარწმუნოებაზე. ვერავითარმა დაპირებამ და წამებამ ვერ გაჭრა: წმიდანები მტკიცედ იცავდნენ სარწმუნოებას და უფალიც განამტკიცებდა მათ.

ფორტუნატიანემ ბრძანა, მოწამეები კიდევ ერთხელ მოეყვანათ ტაძარში და კიდევ ერთხელ მოსთხოვა მათ მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. წმიდანებმა ღმერთს შეჰღაღადეს: „ყოვლადძლიერო უფალო, რომელმან ცეცხლი უწვიმე სოდომს უსჯულოებისა მისისათვის, დააქციე უწმინდური ტაძარი ესე, ჭეშმარიტებისა შენისათვის!“ კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა, შემდეგ ტაძარიც ჩამოინგრა. გამძვინვარებულმა გამგებელმა წმიდანების დახოცვა ბრძანა.

ბზობა 2020: როგორ აღნიშნავენ საქართველოში მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას

ოცდათექვსმეტი მოწამის დახოცვის შემდეგ ფორტუნატიანემ იხმო ტერენტი, მაქსიმე, აფრიკანი და პომპიოსი, უჩვენა წამებულთა გვამები და კვლავ უბრძანა მსხვერპლშეწირვა. წმიდანებმა უარი განაცხადეს. მაშინ გამგებელმა ბორკილები დაადო მათ და საპყრობილეში გამოამწყვდია, რომ შიმშილით გამწყდარიყვნენ. ღამით უფლის ანგელოზმა ბორკილები შეხსნა მოწამეებს და დააპურა. დილით დარაჯებმა მხნე და ჯან-ღონით სავსე ტყვეები იხილეს. ფორტუნატიანმა მოგვებს უბრძანა, გველებითა და ყოველგვარი უწმინდურებით აევსოთ საკანი, მაგრამ დარაჯებმა დაინახეს, რომ ქვეწარმავლები მლოცველი წმიდანების ფეხებთან დახოხავდნენ და მათ არაფერს ვნებდნენ.

ბოლოს, განრისხებული ფორტუნატიანეს ბრძანებით წმიდა მოწამეებს თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი ქალაქგარეთ.

მოწამენი: იაკობ ხუცესი, აზადან და ავდიკი დიაკონნი

იაკობ ხუცესი, აზატან და ავდიკი დიაკონნი (აღესრულნენ სპარსეთში მეფე საპორის დროს. ისინი შეიპყრეს ეპისკოპოს აკეპსიმესთან ერთად. ხანგრძლივი წამების შემდეგ მოწამეებს ნესტოებში ძმარგარეული მდოგვი ჩაასხეს, გააშიშვლეს და ყინვაში დაკიდეს ფეხებით. დილით ხელახლა აწამეს და ისევ საკანში ჩაყარეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით!