ლევან რატიანი: კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ცნობილი მსახიობი თითქმის ორი თვეა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც კორონავირუსის ინფექციის ფონზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, განაცხადა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა

„ამ წუთში ბატონი კახის მდგომარეობა, ჩვენდა სამწუხაროდ, მძიმე და არაკეთილსაიმედოა", – განაცხადა ლევან რატიანმა.

კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.

კახი კავსაძე 85 წლისაა. ათწლეულების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?“