ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის დაკავებულებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობაში ბრალდებულ გიორგი ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს პატიმრობა შეუფარდა. 

ძალადობა ჯარისკაცებზე – დაკავებულია შსს-ს ორი თანამშრომელი
 

საქმეში ფიგურირებს სავარაუდო დანაშაულების სხვადასხვა ეპიზოდი, რომლებიც „იაღლუჯას“ საწვრთნელ სამხედრო ბაზაზე 2020 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში მოხდა.

აღნიშნულ პირებს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე რომან ხორავამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. მან საკუთარი გადაწყვეტილება ბრალდებულთა მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის არსებობით ახსნა. 

„ნამდვილად არ მეგონა, რომ მსგავსი ფაქტი ქართულ ჯარში შეიძლებოდა მომხდარიყო“, – განაცხადა ხორავამ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, იგი ბრალდებულთა მიმართ გირაოს – დევდარიანის შემთხვევაში 5 ათასი ლარის, ბიჩელაშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარის გამოყენებას ითხოვდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. 

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ერთ-ერთ ეპიზოდში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ცვლის უფროსი სამხედროებს სპეციალური ეკიპირებით, რომელიც 10 კილოგრამს იწონის, ორი საათის განმავლობაში მუხლზე დამდგარს აიძულებდა, კბილის ჯაგრისით გაეხეხათ ყაზარმის ტუალეტის იატაკი.

ორი თვის შემდეგ, მაისში მან გაიმეორა მსგავსი ქმედება სხვა სამხედროების მიმართ და მათ ტუალეტის ხეხვა 11 საათის განმავლობაში აიძულა.

აღნიშნული პირი ასევე გადის სამხედრო მოსამსახურის ცემის ეპიზოდში 2020 წლის ივლისში.

მეორე დაკავებულს ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებით სამხედროების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ის სამ ეპიზოდში ფიგურირებს.

როგორც შსს-ს გენერალური ინსპექციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელმაც ფაქტები გამოიძია, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები დასტურდება ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ფოტო-მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით და სხვა მტკიცებულებებით.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 8 ივნისს გაიმართება.