ექს-დეპუტატის ინიციატივა: 9 აპრილს დაღუპულებს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები დაშალა, მანიფესტაციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია 9 აპრილს დაღუპულთათვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭების ინიციატივით გამოდის.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენა. იმ ღამით მანიფესტაციის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მოგვიანებით – კიდევ ერთი. მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი — ორსული. მოკლულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა დაჭრილებიც იყვნენ. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა.

თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი მოვლენების გამოძიების მიზნით სსრკ-ის სახალხო დეპუტატების ყრილობაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც სათავეში ანატოლი სობჩაკი ჩაუდგა. კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედროებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს. 

9 აპრილი – დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის

„9 აპრილს დაღუპულთა შესახებ სულ მესმოდა, რომ ისინი ეროვნული გმირები, ჩვენი გმირი გოგონები, ჩვენი გმირი ბიჭები არიან. შემდეგ უბრალოდ დავინტერესდი, მათ ოფიციალურად რა სტატუსი ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ მათ არანაირი სტატუსი არ აქვთ. სიმართლე გითხრათ, ამან ძალზე გამაკვირვა. ამის შემდეგ გადავწყვიტე პრეზიდენტს მივმართო და ეს საჯაროდ გავაკეთო“, – განაცხადა ხოფერიამ ბრიფინგზე.

ექს-დეპუტატის განცხადებით, შესაბამისი განცხადება მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შეიტანა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობა აირჩია.

1991 წლის 9 აპრილს, 2 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

საქართველოში 9 აპრილი ეროვნული ერთიანობის დღედ არის გამოცხადებული.