ყვითელი ამბები

ნანუკა გოგიჩაიშვილის მილიონერმა ქმარმა მისი დიზაინით ბეჭედი გამოუშვა - სიურპრიზი

ნიკოლოზ ნაყოფიამ მეუღლეს ძვირფასი სიურპრიზი მოუწყო. „ზარაფხანას“ მფლობელმა მეუღლის ხელით შესრულებული ბეჭდის ესკიზი რელობად აქცია. უზარმაზარი ბრილიანტი და კმაყოფილი მოდელი - ვიდეო ნანუკას ოფიციალური გვერდიდან
Sputnik

ქართველ სელებრითებს შორის ამ წყვილზე საუბარი არ წყდება. ნანუკამ და ნიკოლოზმა უამრავი გულშემატკივრის გული მოიგეს, მათ დაოჯახებამ კი დიდი ყურადღება მიიქცია. წყვილმა პანდემიის პირობებში გადაწყვიტა დაქორწინება, რაც დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. მათ კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო, ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.

მიუხედავად რთული პერიოდისა, ნიკოლოზმა და ნანუკამ დაუვიწყარი მინი-ქორწილი მოიწყეს და სოციალური ქსელი მათი ფოტოებით აჭრელდა. ახლა კი, ერთმანეთს მრავალფეროვანი  საჩუქრებით ანებივრებენ. სიურპრიზების ნაწილი სოციალურ ქსელშიც ქვეყნდება, რითაც მათი „ფოლოვერები“ მოდელის და მილიარდერის გვერდებზე აქტიურდებიან. უკანასკნალი საჩუქარი ნიკოლოზმა ნანუკას მოულოდნელად მოუმზადა.

„ჩემი დიზაინით შექმნილი. საოცარი გრძნობაა, როდესაც ხატავ და „ხორცს“ ისხამს“- დაწერა ნანუკამ. „ზარაფხანას“ მფლობელმა ნიკოლოზ ნაყოფიამ მეუღლის გაოცება სცადა და  აღფრთოვანებაც დაიმსახურა. მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ხატვის ნიჭითაც არის დაჯილდოებული. მან სასურველი ბეჭდის ესკიზი ფურცელზე გადაიტანა. როგორც ჩანს, ბიზნესმენმა მთელი გულით სცადა უფროსი გოგიჩაიშვილის გულის მოგებას და ეს საუკეთესოდ გამოუვიდა.

ცნობილია, რომ მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას ვაჟზე დაქორწინდებოდა.

ნიკა ნაყოფიას ოჯახური გამოცდილება უკვე აქვს. წლების წინ მან ცოლად „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე მოიყვანა. ქორწინების შემდეგ წყვილი ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ისინი დაშორდნენ და ხათუნა სხირტლაძე ახლა სხვაზეა დაქორწინებული. ნანუკას Instagram-ის „სთორიში“ კითხვა დაუსვეს, როგორ გაიცნეს მან და ნიკოლოზ ნაყოფიამ ერთმანეთი, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ მოკლე დროში ამის მოყოლა ძნელია, რადგან ყველაფერი ზღაპრულად მოხდა...