ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 81 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილი დაიკავა რუსეთისა და უკრაინის შემდეგ.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს სამი მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა სანდრო ამინაშვილი (–86 კგ). ფინალში ქართველმა მოჭიდავემ არტურ ნაიფონოვთან (რუსეთი) წააგო ანგარიშით 0:8.

ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ბექა ლომთაძე (–61) და გენო პეტრიაშვილი (–125). მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლომთაძემ აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი დაჯაბნა (9:7), ხოლო პტრიაშვილმა – ბელარუსი დენის ხრამიანკოვი (12:9).

მთლიანობაში ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ვარშავაში ხუთი მედალი მიიღეს. ერთი დღით ადრე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნიკა კენჭაძემ (–79) და ელიზბარ ოდიკაძემ (–97).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 81 ქულა მოაგროვა და რუსეთისა (161) და უკრაინის (88 ქულა) შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

ვარშავაში 23–25 აპრილს გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში. საქართველოს სახელით ტურნირზე ათი მოჭიდავე გამოვა – თითო თითოეულ წონით კატეგორიაში.