ევროპის ბანკი საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში კვლავ დაეხმარება

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ევროპის ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ან უკვე რეალიზებული პროექტები საქართველოში.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს დაეხმარება ეკონომიკური კრიზისის გადალახვასა და პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპების აღდგენაში, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

EBRD მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში. ბანკმა 2020 წელს საქართველოში 16 პროექტში დაახლოებით 630 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა, რაც წინა წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ბანკმა კერძო სექტორის კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის მხარდასაჭერად საგანგებო ლიკვიდურობა და საბრუნავი კაპიტალი გამოყო.

ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა EBRD-ს მმართველ დირექტორთან აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მატეო პატრონესთან საქართველოსა და ევროპის ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა EBRD-ს რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

ლაშა ხუციშვილმა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და მისი აღდგენის პერსპექტივა გააცნო. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ბანკთან თანამშრომლობის სტრატეგიული პროგრამა მომდევნო ხუთი წლისთვის ისეთივე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, როგორც მიმდინარე პროგრამა.

ევროპის ბანკის პრეზიდენტი საქართველოს ვირტუალურად ეწვია

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მნიშვნელობას, მათ შორისაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაძლიერება, ინფრასტრუქტურა და ურბანული ტრანსპორტი და სხვ.

საქართველო EBRD-ს ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში ინვესტირებულია 4 მლრდ ევრო 250-ზე მეტ პროექტში, მათ შორის 87% – კერძო სექტორში.