ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა: ვრცელდება ვიდეომიმართვა

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ომის შემთხვევაში, რომელიც მილიონობით სიცოცხლეს შეეხება, ორივე მხარე წაგებული დარჩება.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა.

შესაბამისი ინიციატივა სახელმწიფოს მეთაურმა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვიდეომიმართვისას წამოაყენა, რომელიც „ტელეგრამის“ მის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ბატონო პუტინ, მზად ვარ შემოგთავაზოთ დონბასის ნებისმიერ წერტილში შეხვედრა, სადაც ომი მიმდინარეობს“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, კიევი შეშფოთებულია რუსული ჯარების გადაადგილებით უკრაინის საზღვრების სიახლოვეს და აღნიშნა, რომ მის ქვეყანას არ სურს ომი, თუმცა არასდროს შეწყვეტს ბრძოლას დიპლომატიური გზებით.

ამასთან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ომის შემთხვევაში, რომელიც მილიონობით სიცოცხლეს შეეხება, ორივე მხარე წაგებული დარჩება.

მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. კონფლიქტის მხარეები შეხების ხაზზე სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციასა და სროლების გაძლიერებაზე საუბრობენ. ამასთან დაკავშირებით კიევმა არაერთხელ დაადანაშაულა მოსკოვი რეგიონში სამხედრო ყოფნის გაძლიერებაში.

მაქსიმალური დაცვა: უკრაინის უშიშროების სამსახური საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა

რუსეთი აცხადებს, რომ არ მონაწილეობს უკრაინის შიდა კონფლიქტში და არ არის მინსკის შეთანხმების სუბიექტი. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, „მიუხედავად ყველაფრისა“, მისი ქვეყანა არასდროს მიატოვებს დონბასის მოსახლეობას.

უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო ხაზით გააქტიურებაში რუსეთი შეერთებულმა შტატებმაც დაადანაშაულა. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ მოსკოვს ჯარები გადაჰყავს ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პერსკოვმა რამდენჯერმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაჰყავს ჯარები ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ამით არავის ემუქრება და ეს არავის არ უნდა აღელვებდეს.