„სოფლად სახლი“ – დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა

პროექტი „სოფლად სახლი" 2013 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა. 

ზუგდიდში დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცემა

თითოეული ოჯახისთვის თანხის ოდენობა განსხვავებულია – იგი ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება. კერძოდ:

ერთ ან ორსულიანი ოჯახი 17 ათასი ლარის ნაცვლად, 22 ათას ლარს მიიღებს. სამსულიანი ოჯახი 25 ათას ლარს (ნაცვლად 21 ათასისა), ოთხსულიანი ოჯახი 28 ათას ლარს (ნაცვლად 23 ათასი ლარისა), ხუთსულიანი ოჯახი 31 ათას ლარს ( ნაცვლად 26 ათასისა), ექვსსულიანი ოჯახი 34 ათას ლარს (ნაცვლად 29 ათასისა), შვიდსულიანი ოჯახი 37 ათას ლარს (ნაცვლად 32 ათასისა), რვასულიანი ოჯახი 40 ათას ლარს (ნაცვლად 35 ათასი ლარისა), ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე კი დამატებით 3 ათას ლარს მიიღებს.

საქართველოში პროექტი „სოფლად სახლი" 2013 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო აღნიშნულ სახლს შეისყიდის.  დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის სამთვიანი ვადა ეძლევათ – შერჩეულ საცხოვრებელს საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა უტარდება.

სოფლად სახლის შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილება, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

მიმდინარე წელს სააგენტო 1,2 ათასზე მეტი დევნილი ოჯახისთვის გეგმავს სახლის შეძენას.

დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.