ნინო ლომჯარია: ამნისტიის შემთხვევაში მელია ციხიდან გამოსვლაზე უარს ვერ იტყვის
© Sputnik
„ნიკა მელიას ერთადერთი პოზიცია, რაზეც მან ისაუბრა, არის ის, რომ მისთვის მიუღებელია გათავისუფლდეს გირაოს გზით, რადგან გირაოს გადაუხდელობა იყო სწორედ მისი ციხეში წასვლის საფუძველი. რაც შეეხება ამნისტიას, ბუნებრივია, თუ მოხდება ამ კანონის მიღება, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას არანაირი ბერკეტი არ ექნება, რომ უარი თქვას ციხიდან გამოსვლაზე“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
სახალხო დამცველი მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში გუშინ შეხვდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს „პარლამენტზე შტურმის დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ოპოზიციის ლიდერი მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც შეფარდებული 40 ათასი ლარის გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.