თბილისის მერიამ ბინა 1 ლარად კიდევ 29 ოჯახს დაუკანონა

დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება და  მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. დედაქალაქის მერიამ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადასცა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ამჯერად საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, ისნის რაიონში, კერძოდ  დოესის, ჯორჯ ბუშის, ლობჟანიძის, საინგილოს ქუჩებზე, სოფრომაძის პირველ შესახვევში, წულუკიძის პირველ შესახვევში და ვაზისუბანში მცხოვრებ 29 ოჯახს დაუკანონდა.

ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ და ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ გადასცეს. 

„სოფლად სახლი“ – დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა

„მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს ეს სიხარული და დღესასწაული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ 1,5 ათასამდე ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები. მივმართავ ოჯახებს, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, თავიანთ რაიონებში მიმართონ გამგეობებს, სადაც აუხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ მათ საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ“, – განაცხადა თავართქილაძემ.

საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.

დედაქალაქის მერია კვლავ განაგრძობს წლობით დაუკანონებელი ფართების მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესს, რათა კიდევ უფრო მეტმა ოჯახმა შეძლოს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართის, ბინის საკუთრებაში მიღება.