თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. თბილისის „დინამოს“ წყალბურთელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში გერმანიის „ვასპო ჰანოვერთან“ ანგარიშით 6:7 დამარცხდნენ. ტურნირი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარეობს.
მოგების შემთხვევაში ქართულ კლუბს ჯგუფის საუკეთესოთა ოთხეულში მოხვედრის და ტურნირის პლეი-ოფში გასვლის შანსი ჰქონდა. დეან სტანოევიჩის გუნდს გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი თანასწორ ბრძოლაში წარიმართა და ანგარიშით 3:3 დასრულდა. შესვენების შემდეგ „დინამოელებმა“ შესანიშნავი მესამე მეოთხედი აჩვენეს, რომელიც ანგარიშით 3:1 მოიგეს. მაგრამ ბოლო მონაკვეთი „დინამომ“ მთლიანად ჩააგდო და სამი უპასუხო გოლი გაუშვა. „ვასპოს“ წყალბურთელებმა გამარჯვების გოლი საფინალო სასტვენამდე 47 წამით ადრე გაიტანეს.
„დინამოს“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა იოვან სარიჩი, რომლის ანგარიშზე სამი გატანილი გოლია.
ამგვარად, ცხრა ჩატარებული ტურის შემდეგ „დინამოელები“ В ჯგუფში ექვსი ქულით მეხუთე ადგილზე არიან და მეტს ვეღარ დაწინაურდებიან. ტურნირზე ქართული კლუბის აქტივში ორი გამარჯვებაა. ორივე ჯერზე „დინამომ“ მონტენეგროს „იადრანს“ მოუგო - გუშინ ანგარიშით 13:10 და 11:0 დეკემბერში.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს „დინამო“ 22 აპრილს უნგრეთის „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგ გამართავს.