სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

სალომე სამადაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანაპარტიელების პოზიცია, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ხელმოწერის წინააღმდეგი იყვნენ.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი დოკუმენტის – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერა შედგა. სამადაშვილმა შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, ამ შემთხვევაში ის მთლიანი პარტიის ინტერესებს არ წარმოადგენდა. ამის შესახებ მან ხელმოწერის წინ განაცხადა.

„სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია – მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ „მოღალატეს“ დავუძახებთ. ოღონდ მელიას გამოსვლის შემდეგ თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა“, – დაწერა სამადაშვილმა და წარმატებები უსურვა ყოფილ თანაპარტიელებს.
კრიზისი დასრულდა? - როგორ შეაფასეს პოლიტიკოსებმა ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმება

ხელმოწერამდე შიდაპარტიული კონსულტაცია გაიმართა, სადაც გამოიკვეთა, რომ პარტიის სხვა ლიდერები შეთანხმების ხელმოწერის წინააღმდეგი იყვნენ. ხელმოწერის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა მხრიდან გაისმა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის აღნიშნული დოკუმენტი და ამ დოკუმენტის ხელმოწერა მიუღებელია.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ თუ სალომე სამადაშვილი ოფიციალურად არ დატოვებს პარტიას, ის მისი გარიცხვის საკითხის დაყენებას დაუჭერს მხარს.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

ზურაბიშვილის განცხადებამ რურუას შეწყალების შესახებ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა უნდა განიხილონ პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე, რომელიც ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელს გიორგი რურუას. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულის მიმართ. ამას გარდა, პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი 18 აპრილს წარუდგინა.