ევროკავშირის ელჩმა ქართველ დეპუტატებს ცხრა საათზე შეხვედრა დაუნიშნა

კარლ ჰარცელმა დღეს, დილით საქართველოს პარლამენტის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიიწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე „საქართველოს მომავლის გზა“ ხელმოსაწერად.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ევროკავშირის ელჩი სამშაბათს, 20 აპრილს, დილის ცხრა საათზე საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს ელოდება თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიაზე.

ევროკავშირის ელჩმა ქართველ დეპუტატებს ცხრა საათზე შეხვედრა დაუნიშნა

„მივმართავ საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს – გიწვევთ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად დილის 9 საათზე. დიდი მადლობა“, – დაწერა ჰარცელმა Twitter-ში.

თბილისში სამშაბათს ჩამოდის საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მთავარი მედიატორი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. სწორედ მის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს „საქართველოს მომავლის გზა“ მოაწერეს ხელი მხარეებმა გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში.

მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

დოკუმენტს თავიანთი პარტიების სახელით ხელი მოაწერეს ალეკო ელისაშვილმა („მოქალაქეები“), ხათუნა სამნიძემ („რესპუბლიკური პარტია“), ზურაბ ჯაფარიძემ („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ („ლელო“), გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“), ვახო მეგრელიშვილმა („ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“), ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მმართველი პარტიის სახელით შეთანხმებას ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, ისევე, როგორ წინა ვარიანტი, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა ორ პუნქტში არსებითი ცვლილებები შევიდა – გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა.

ზურაბიშვილის განცხადებამ რურუას შეწყალების შესახებ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

პირველი – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

შეთანხმების ადრინდელი ვერსიის ცალმხრივად ხელმოწერის დროს მმართველმა პარტიამ მიიღო ამ პირობის შესრულების გადაწყვეტილება, თუ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს.

მეორე – შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ პარლამენტში უნდა მოახდინოს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც შეეხება 2019 წლის 19–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და დაკავებებს.