ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გამარჯვებული საქართველოა!

დღეს თბილისში საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მთავარ მედიატორს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ელოდებიან.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის ლიდერების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი „საქართველოს წინსვლის გზა“ დემოკრატიის განმტკიცებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კვლავ ჩამოდის თბილისში

ორშაბათს, გვიან საღამოს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული.

„ეს საქართველოს გამარჯვება!.. რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც ასე მოთმინებით ელოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულებას. ახლა ჩვენი ყველას ძალისხმევა უნდა მივმართოთ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების გადასაჭრელად", – დაწერა ღარიბაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შუამავლებს – შარლ მიშელს, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს და ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს აღნიშნული შეთანხმების მიღწევაში გაწეული საქმიანობისთვის.

დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“ თავიანთი პარტიების სახელით ხელი მოაწერეს ალეკო ელისაშვილმა („მოქალაქეები“), ხათუნა სამნიძემ („რესპუბლიკური პარტია“), ზურაბ ჯაფარიძემ („გირჩი“ – მეტი თავისუფლება“), ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ („ლელო“), გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“), ვახო მეგრელიშვილმა („ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“), ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.  

მმართველი პარტიიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, ისევე, როგორ წინა ვარიანტი, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა ორ საკითხში არსებითი ცვლილებები შევიდა – გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა.