თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს, 20 აპრილს თბილისში ჩამოდის. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში ვიდეოჩართვისას განაცხადა, სადაც გუშინ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი.
„მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 20 აპრილს საქართველოში მოვფრინავ, რათა შევხვდე თითოეულ თქვენგანს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა და თქვენთან ერთად განვიხილო საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაძლიერების შემდეგი ნაბიჯები. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ორშაბათს, გვიან საღამოს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული.
დოკუმენტს თავიანთი პარტიების სახელით ხელი მოაწერეს ალეკო ელისაშვილმა („მოქალაქეები“), ხათუნა სამნიძემ („რესპუბლიკური პარტია“), ზურაბ ჯაფარიძემ („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ („ლელო“), გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“), ვახო მეგრელიშვილმა („ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“), ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
მმართველი პარტიიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
კრიზისი დასრულდა? - როგორ შეაფასეს პოლიტიკოსებმა ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმება>>
შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, ისევე, როგორ წინა ვარიანტი, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა ორ პუნქტში არსებითი ცვლილებები შევიდა – გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა.