ავტოიმპორტიორების საყურადღებოდ: საბაჟო პროცედურები 31 მაისის ჩათვლით განახორციელეთ

ავტოიმპორტიორებისთვის შეღავათების დაწესება ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობით არის განპირობებული.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ავტოიმპორტიორებისთვის ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 1 ივნისამდე გახანგრძლივდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს

შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრო მიიღეს. შეღავათი შეეხება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ ავტომობილებს. მანამდე აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟება გადავადებული იყო 2021 წლის 1 მარტამდე.

მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით დროულად მიმართონ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს და 31 მაისის ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები.

მომსახურების სააგენტო სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით.

არსებული ინფორმაციით, შეღავათი დაახლოებით 19 ათასი მანქანის მფლობელს შეეხება.

პანდემიის გამო, ეკონომიკის სხვა სექტორების მსგავსად, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა ავტოიმპორტიორების ბიზნესიც, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში საკმაოდ განვითარებული იყო. მაგრამ მსოფლიო კრიზისის გამო მსყიდველუნარიანობის შემცირებამ და გადაადგილების შეზღუდვამ ამ ავტობიზნესს საგრძნობი ზიანი მიაყენა – გაყიდვები მკვეთრად შემცირდა.