თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. არქტიკაში შესაძლოა „კონფლიქტის ახალი თეატრი“ გაჩნდეს რუსეთის მზარდი როლის გამო, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
„კლიმატის ცვლილებებს შეუძლია კონფლიქტის ახალი თეატრები შექმნას. თებერვალში რუსეთის გაზის ტანკერმა, პირველად ისტორიაში, არქტიკის ჩრდილოეთის ზღვის გზით გაცურა. ბოლო დრომდე ამ მარშრუტით სარგებლობა წელიწადში მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო შესაძლებელი. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არქტიკა საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად თბება, ეს პერიოდი სულ უფრო ხანგრძლივი ხდება“, — აღნიშნა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთი ამ ცვლილებებს იმისთვის იყენებს, რომ ახალ სივრცეებზე კონტროლის დამყარება სცადოს, „ახდენს არქტიკაში არსებული თავისი ბაზების მოდერნიზაციას და აგებს ახლებს, მათ შორის ერთი ალასკიდან 300 მილში მდებარეობს“.
ბლინკენი აღნიშნავს, რომ არქტიკაში ყოფნას აფართოვებს ჩინეთიც.
მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ აშშ საბრძოლო ხომალდების რაოდენობას ზრდის არქტიკაში, და რომ რეგიონში ვითარება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კონკურენციის გამო მწვავდება, რომლებსაც ადგილობრივ რესურსებსა და სატრანსპორტო კომუნიკაციებზე სურთ წვდომა.
ამასთან რუსეთი, თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით, აქტიურად ავითარებს არქტიკაში ჩრდილოეთის ფლოტს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოხატა შეშფოთება იმით, რომ აშშ სამხედრო ყოფნას აძლიერებს არქტიკაში. ამასთან აღნიშნა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს, რომ რეგიონი მშვიდობიანი თანამშრომლობის სივრცედ დარჩეს.