შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მუზეუმში ქართული, აღმოსავლური, რუსული და ევროპული ხელოვნების დაახლოებით 140 ათასი ერთეული ნიმუშია თავმოყრილი.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მუზეუმის აღდგენაზე იმუშავებს ქვეყნის  სხვადასხვა მუზეუმებიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელსაც ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს.

მოსალოდნელია, რომ სამუშაო ჯგუფი მუზეუმის აღდგენის სამოქმედო გეგმას სამი თვის განმავლობაში წარადგენს. ექსპერტებმა ჯერ ფონდების და კოლექციების მდგომარეობა უნდა შეისწავლონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებიან მუზეუმის შენობის გამოკვლევას, რომელიც წლებია ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება.

სააგენტო გელათის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუზეუმია. ის ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მასში დაახლოებით 140 ათასი ერთეული ქართული, აღმოსავლური, რუსული და ევროპული ხელოვნების ნიმუშია თავმოყრილი.

გამოჩენილი ქართველი ხელოვნებათმცოდნე შალვა ამირანაშვილი (რომლის სახელსაც ამჟამად მუზეუმი ატარებს) 30 წელზე მეტი ხელმძღვანელობდა მუზეუმს. მან დიდი როლი ითამაშა იქ დაცული ექსპონატების შეგროვებაში. 1950 წელს მუზეუმს ოფიციალურად დაერქვა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი და სწორედ იმ შენობაში გადავიდა, სადაც ამ დრომდე მდებარეობს და რომელიც 1838 წელს არის აშენებული თბილისის სასულიერო სემინარიის კლასიკურ სტილში.

2004 წლის ბოლოს საქართველოს ხელოვნების მუზეუმი მართვის ერთიან სისტემაში სხვა მუზეუმებთან ერთად გაერთიანდა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნული მუზეუმი.