„ქართული ოცნება“ ოპოზიციას ხვდება

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს და მასში შუამავალი ელჩებიც მონაწილეობენ.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თბილისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს და მასში ფასილიტატორი ელჩებიც მონაწილეობენ. შეხვედრას ёქართული ოცნებიდან" ესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.

სავარაუდოდ, შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარდგენილი შეთანხმების განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის საკითხზე მსჯელობენ.

საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ახალი პირობები – მომხრეები და მოწინააღმდეგეები

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა უნდა განიხილონ პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე, რომელიც ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელს, გიორგი რურუას. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. ასევე,  პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადყოფნა გამოთქვა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს ხელი მოაწეროს. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“  ლიდერებმა.

დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ჯერჯერობით შიდა პარტიულ კონსულტაციებს მართავენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა.