კრიზისი დასრულდა? - როგორ შეაფასეს პოლიტიკოსებმა ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კვლავ ჩამოდის საქართველოში, რათა „საქართველოს და ევროპის კავშირები განამტკიცოს“
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმების ხელმოწერა დღეს ორბელიანის სასახლეში შედგა.

ბრძოლა ბოლომდე: ოპოზიციის ლიდერებმა სამოქმედო გეგმა გამოაცხადეს – ვიდეო

შეთანხმებას ხელი მოაწერეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა, ასევე ექვსი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა. დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შეთანხმებას ხელი მოაწერა დავით ბაქრაძემ, ასევე ინდივიდუალურად მოაწერა ხელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც ამ შემთხვევაში მთლიანი პარტიის ინტერესებს არ წარმოადგენდა.

რაც შეეხება ზოგადად „ნაცმოძრაობას“, ასევე „ევროპულ საქართველოს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ - მათმა ლიდერებმა დოკუმენტის ხელმოწერისგან თავი შეიკავეს.

ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. ვიდეოკონფერენციის ფორმატში ბრიუსელიდან პროცესს აკვირდებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

დამსწრეთ მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. შეთანხმებაზე ხელმოწერის წინ თითოეულმა პოლიტიკოსმა მადლობა გადაუხადა უცხოელ პარტნიორებს მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის.

დავით ბაქრაძე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი:

„მე როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი, ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას, რადგან ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ გვჭირდება, რომ პრეზიდენტმა მიშელმა, ჩვენმა მეგობრებმა ბრიუსელში და ვაშინგტონში დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და იმსახურებს უკეთეს მომავალს“.

სალომე სამადაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:

„ამ დოკუმენტის ხელმოწერა დღეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა ევროპული მომავლისა. საქართველო დღეს, ამ დოკუმენტის ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის“.

ალეკო ელისაშვილი, „მოქალაქეები“:

„მე წარმოვადგენ პარტია „მოქალაქეებს“ ამ პარტიიდან ორნი ვართ წარმოდგენილი პარლამენტში და ჩვენ ვიყავით პირველები ვინც მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას და შევედით პარლამენტში და ამის გამო უზარმაზარი სიძულვილის და ზიზღის ნიაღვარი დავიმსახურეთ, მაგრამ დღევანდელი დღეც და შეთანხმებაც ადასტურებს, რომ ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად მართალი“.

ბადრი ჯაფარიძე, „ლელო“:

„ეს არის დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, უმნიშვნელოვანეს რეფორმებს, რის შედეგადაც ქვეყანამ უნდა გადადგას დიდი ნაბიჯი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ“.

მამუკა ხაზარაძე, „ლელო“:

„მინდა ვისურვო, რომ დღევანდელი დღე იქნება გარდატეხის და შემოტრიალების წერტილი ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების, რამეთუ ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ ერთ ადგილზე დგომით და უკან გადადგმული ნაბიჯებით“.

ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი - მეტი თავისუფლება“:

„ძალიან რთული პროცესი იყო. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებს, ამ საყოველთაო ნიჰილიზმში და სასოწარკვეთაში იმედი აქვთ ადამიანებს, რომ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ და ქვეყანაში რაღაც პოზიტიურისკენ შეიცვლება“.

ვახო მეგრელიშვილი, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“:

„მე მესმის, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებში და ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა“.

შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნება - დამოუკიდებელი საქართველო“:

„ამ შეთანხმებას, მე პირადად, ხელს ვაწერ სწორედ იმიტომ, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში, ყველა ჩვენი ამომრჩეველი იყოს წარმოდგენილი ამ პარლამენტში. ვინაიდან, მხოლოდ თანხმობით შეიძლება, დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც გარეთ პანდემიაა, მხოლოდ პარტიებს შორის თანხმობით შეიძლება ასეთი სიძნელეების დაძლევა“.

ხათუნა სამნიძე, „რესპუბლიკური პარტია“:

„მე მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ, ვითანამშრომლოთ, დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, დამთავრდეს დაპირისპირება და განცდა, რომ შავ-თეთრია ეს ქვეყანა“.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნება - დამოუკიდებელი საქართველო“:

„დღეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება და ის ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ჩვენ საზოგადოებასთან და პარტნიორებთან ერთად გავატარეთ, დღეს გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს წარმომადგენლობითი და მრავალპარტიული პარლამენტი“.

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“:

„დღევანდელი დღე არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა ვართ გამარჯვებული, პირველ რიგში გამარჯვებული არიან საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი, გამარჯვებულია ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. დიახ, შეთანხმება, თანხმობა, კონსენსუსი, კომპრომისი, ეს არის ევროპული სტანდარტი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ევროპულ განვითარებას გავაგრძელებთ“.

ცერემონიის დასრულებისას შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ბრიუსელში იმყოფება, „დღეს მისი გული საქართველოშია“. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში უკვე ხვალ ჩამოვა.

მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, წინამორბედის მსგავსად, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა ორ მათგანში არსებითი კორექტივებია შეტანილი - გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლების პირობა.

შესვლა?.. არშესვლა?.. საკითხავი, აი, ეს არის...

პირველი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2022 წელს დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს.

დოკუმენტის წინა ვერსიაზე ხელმოწერისას მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, ის უმცირესობაში აღმოჩნდება.

და მეორე - შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ამნისტიის კანონის ინიცირება, რომელიც შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას.