ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების კვოტა, შესაძლოა, გაიზარდოს

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების სპეციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის პროცესი 12 აპრილს დაიწყო.
Sputnik

 

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის  გათვალისწინებული კვოტა, შესაძლოა, გაიზარდოს, განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა ჟურნალისტებთან.

აპრილის დასაწყისში ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს ათასამდე მოქალაქე ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებს. 

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველთა სპეციალურ პორტალზე 760 მოქალაქე დარეგისტრირდა

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების  რეგისტრაცია შრომითი მიგრაციის სპეციალურ პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/  12 აპრილს დაიწყო და 24 საათში 760 მოქალაქე დარეგისტრირდა. რეგისტრაციის პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.  

„ჩვენ დავიწყეთ კვოტირება საქართველოს ათასი მოქალაქით. ვიმედოვნებთ, რომ თუ ეს მიზანი წარმატებით და შეუფერხებლად იქნება მიღწეული, შესაძლოა, განვიხილოთ კვოტის გაზრდის საკითხი. ეს არის მთელი რიგი პროექტები და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი ლიმიტირებული კვოტით დაწყება“, – განაცხადა რან გიდორმა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში სამუშაოს ხანგრძლივობა იქნება 6 სამუშაო დღე კვირაში, თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით კი 5300 შეკელი.

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. 

საქართველოს მოქალაქეები სამუშაოდ საფრანგეთში გამგზავრებას წლის ბოლომდე შეძლებენ

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს 25-დან 45 წლამდე ასაკის, საშუალო განათლების, უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი. ამასთან, საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენას.

გარდა ამისა, დასაქმების მსურველი უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი, ნასამართლეობის არმქონე, არ უნდა ჰქონდეს ისრაელში მუშაობის და არალეგალურად ცხოვრების ისტორია, მისი ოჯახის წევრები არ უნდა ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ ისრაელში.

ამასთან, კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაივლის COVID-19-ის ტესტს საქართველოში და ასევე თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.