თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი და მათ ქვეყნიდან გასასვლელად 24 საათი მისცა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ჩეხმა დიპლომატებმა ქვეყანა 19 აპრილის ბოლომდე უნდა დატოვონ.
ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის რუდოლფ იინდრაკის თქმით, მოსკოვის საელჩოს „მთელი პოლიტიკური ნაწილი დატოვებს“ და იქ სამუშაოდ მხოლოდ ხუთი დიპლომატიღა დარჩება.
მოსკოვის მხრიდან ეს იყო პასუხი ოფიციალური პრაღის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მანამდე 18 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ამის საფუძვლად იქცა პრემიერ ანდრეი ბაბიშის 17 აპრილის განცხადება, რომ ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურებს მიიჩნევს ეჭვმიტანილად 2014 წელს ვრბეტიცეს საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებაში.
როგორც ჩეხური მედიასაშუალებები იუწყებიან, ვრბეტიცეს ინციდენტის მიზანი უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების აღკვეთა იყო.
გარდა ამისა, ჩეხეთის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა რუსეთის ორ მოქალაქეზე — ალექსანდრ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვზე, რომლებიც აფეთქების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, პრაღის ნაბიჯებში, რა დროსაც რუსეთის საელჩოს თანამშრომლები „დაუსაბუთებელი და მოგონილი საბაბებით“ გააძევეს ქვეყნიდან, „ამერიკული კვალი შეინიშნება“.