თბილისის „დინამომ“ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის პირველი წრე მოიგო

პირველი წრის ცხრა მატჩში თბილისის „დინამოელებმა“ შვიდი გამარჯვება იზეიმეს, ერთი ფრე და ერთი წაგება დააფიქსირეს
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ ქვეყნის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის პირველი წრე მოიგო.

IX ტურში გიორგი ნემსაძის შეგირდებმა თბილისური დერბი მოუგეს „ლოკომოტივს“ ანგარიშით 3:1, მოაგროვეს 22 ქულა და სატურნირო ცხრილში უახლოესი კლუბის, ბათუმის „დინამოსთვის“ მიუწვდომელი გახდნენ.

პირველი წრის ცხრა მატჩში თბილისის „დინამოელებმა“ შვიდი გამარჯვება იზეიმეს, ერთი ფრე და ერთი წაგება (ბათუმის „დინამოსთან“ 0:1) დააფიქსირეს.

მიხეილ ბაშელეიშვილი: ტყუპისცალთან ერთად თამაში განსაკუთრებულია...

ბათუმელებს ჰქონდა შესაძლებლობა დაწეოდნენ დედაქალაქელებს, მაგრამ IX ტურის დასკვნით მატჩში ბათუმის „დინამო“ გორის „დილასთან“ დამარცხდა (1:2).

პირველი წრის შედეგებით, საუკეთესო ბომბარდირი გახდა თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი. სერბი ფორვარდის ანგარიშზეა ხუთი გატანილი გოლი.

საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში 10 კლუბი მონაწილეობს. ტურნირი მოიცავს ოთხ წრეს, სადაც მეტოქეები ერთმანეთს ორ-ორჯერ - შინ და სტუმრად ხვდებიან.

თბილისის „დინამო“ - საქართველოს მოქმედი ჩემპიონია ფეხბურთში.