წალკის კანიონზე ეკოტურისტული სივრცის მოწყობა დასასრულს უახლოვდება

პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოები კი დასასრულს უახლოვდება.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, აინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

საქართველოში პირველად დაცულ ტერიტორიაზე - წალკის (იგივე დაშბაშის) კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიციის შედეგად მრავალფეროვანი ტურისტული ეკოსტრუქტურა ეწყობა, პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. თავდაპირველად პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენდა, შემდგომში ის 120 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. 

პროექტის მიხედვით, კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა, სადაც დაკიდებული კაფე-ბარი განთავსდება. განსაკუთრებული დიზაინის პროექტზე ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებმაც იზრუნეს. მიმდებარედ ასევე მოეწყობა ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, სასტუმროები, აუზები, მუსიკალური და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

როგორც კომპანიის დირექტორმა ეკატერინე თორდიამ აღნიშნა, წალკის კანიონში მიმდინარე სამშებებლო სამუშაოები გარემოს არ აზიანებს და მის პირვანდელ სახეს არ ცვლის.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.

დაშბაშის კანიონზე უნიკალური შუშის ხიდის მოწყობის სამუშაოები გიორგი გახარიამ დაათვალიერა

დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სიგრძე კი 8 კილომეტრს უდრის. კანიონი 669 ჰექტარის ფართობის უზარმაზარ ტერიტორიას იკავებს. ეს ადგილი უამრავი სანახაობრივი ჩანჩქერით და გამოქვაბულით არის სავსე.

2016 წელს დაშბაშის კანიონს საქართველოს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ დროიდან ის საქართველოს ღირსშესანიშნაობების რუკებსა და გზამკვლევებზე გაჩნდა.

გასული წლის დეკემბერში გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იუწყებოდნენ, რომ უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ღირსშესანიშნაობის გახსნის შემდეგ წალკას მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.