საქართველოში ოფიციალური უქმეები გამოცხადდა: ვინ გააგრძელებს მუშაობას

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად გამოცხადებული უქმეები 30 აპრილს დაიწყება და 13 მაისამდე გასტანს
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა დადგენილება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ 4-8 მაისის და 10-11 მაისის პერიოდში, ამგვარად ქვეყანას ეძლევა თითქმის ორკვირიანი დასვენება, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველას არ შეეხება.

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

საქართველოში 30 აპრილიდან 3 მაისამდე იქნება ოფიციალური უქმეები სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, 9 მაისი - ოფიციალური უქმე დღეა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებული უქმე დღეა. ამგვარად საქართველოში უქმე დღეები 30 აპრილს დაიწყება და 13 მაისამდე გაგრძელდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები განსაზღვრავენ ის წარმოებებს და საქმიანობის იმ სახეობებს, რომელთაც უქმე დღეები არ შეეხება. ეს არის ის სფეროები, რომლებიც ჩართული არიან ეპიდსიტუაციის მართვაში, სახელმწიფო ფუნქციების განხორციელებაში და აუცილებელია საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

უქმეები არ შეეხება ასევე ბანკების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებს.

საქართველოში უქმეები მოსახლეობის მობილობის და კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად გამოცხადდა. ამასთან, ეპიდემიოლოგებმა ამ კვირაში ინფიცირების მესამე ტალღის დაწყება დააანონსეს.