„Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
იოსებ მგალობელი
საეკლესიო კალენდარში წლის 17 აპრილი წმიდა იოსებ მგალობელის (+883) ხსენების დღეა.
იოსებ მგალობელი დაიბადა სიცილიაში, ღვთისმოსავი ქრისტიანის ოჯახში. მისი მშობლები, პლატონი და აღათია ბარბაროსების თავდასხმებს გაერიდნენ და პელოპონესში გადასახლდნენ. თხუთმეტი წლის იოსები თესალონიკეში წავიდა და მონასტერში დასახლდა. ღვთისმოსაობით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით გამორჩეული ღირსი იოსები პრესვიტერად აკურთხეს.
ერთხელ მონასტერში მოვიდა ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი. მან შეამჩნია ახალგაზრდა ბერი და თან წაიყვანა კონსტანტინეპოლში. ეს იყო ლეონ სომეხის (813-820) მეფობის ხანა - ხატმებრძოლობის ერესის აღზევების ჟამი. ღირსი გრიგოლი და იოსები უშიშრად იცავდნენ წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონს. ისინი ქადაგებდნენ ქალაქის მოედნებზე, მიდიოდნენ მართლმადიდებლებთან და განამტკიცებდნენ მათ რწმენას. კონსტანტინეპოლის ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო: იმპერატორიც და პატრიარქიც ხატმბრძოლები იყვნენ.
მაშინ რომის ეპისკოპოსები ერთიანობაში იყვნენ მსოფლიო ეკლესიასთან და პაპ ლეონ III-ს, რომელიც დამოკიდებული არ იყო ბიზანტიის იმპერატორზე, შეეძლო დახმარების ხელი გაეწოდებინა მართლმადიდებლებისათვის. ბერებმა პაპთან გასაგზავნად ღირსი იოსები შეარჩიეს. ღირსმა გრიგოლმა აკურთხა წმიდა მამა.
გზად მიმავალი იოსები შეიპყრეს ხატმბრძოლებისაგან მოსყიდულმა არაბმა ყაჩაღებმა, კუნძულ კრეტაზე წაიყვანეს და ერეტიკოსებს გადასცეს. ტყვე საპყრობილეში ჩააგდეს. ღირსი იოსების ლოცვით და მაგალითით ერთი სულიერად მოუძლურებული ეპისკოპოსი ისე გამხნევდა, რომ მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.
ღირსმა იოსებმა ექვსი წელი გაატარა საპყრობილეში. 820 წლის შობის ღამეს მას გამოეცხადა წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი და აუწყა ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის გარდაცვალება და წმიდა ხატთა დევნის შეწყვეტა. წმიდა ნიკოლოზმა ღირს მამას გადასცა გრაგნილი, რომელზეც ეწერა: „მსწრაფლ ჰყვნენ, მოწყალეო, და შეგვეწიენ“. იოსებმა გრაგნილი გადაყლაპა და თქვა: „რაბამ ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“ (ფს. 118, 103). ამ გალობის შემდეგ წმიდა იოსებს ბორკილები შეეხსნა, საპყრობილის კარები განიხვნენ, ქარმა წმიდა მამა ცაში აიტაცა და კონსტანტინეპოლის მახლობლად ჩამოსვა. ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი გარდაცვლილიყო, დარჩენილიყო მხოლოდ მისი მოწაფე ნეტარი იოანე ისიც მალე გარდაიცვალა. ღირსმა იოსებმა წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ეკლესია ააგო და ღირსთა - გრიგოლისა და იოანეს წმიდა ნაწილები იქ გადაასვენა. შემდგომ ამ ადგილას მონასტერი გაშენდა.
ღირსმა იოსებმა ერთი ღვთისმოსავი კაცისაგან მიიღო ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილი, ააშენა ეკლესია წმიდა მოციქულის სახელზე და გადაწყვიტა, მის განსადიდებლად საგალობელი შეეთხზა. ორმოცი დღე ლოცვითა და მარხვით, ცრემლით ემზადებოდა ღირსი იოსები წმიდა ბართლომეს დღესასწაულისათვის. მწუხრის ლოცვაზე მას მოციქული გამოეცხადა, მკერდზე წმიდა სახარება დაადო და საეკლესიო საგალობლების შეთხზვის კურთხევა მისცა. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ ღირსმა იოსებმა დაწერა ჯერ წმიდა ბართლომეს, შემდეგ კი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა განსადიდებელი კანონები.
ხატმებრძოლობის ერესის განახლებისას, იმპერატორ თეოფილეს (829-842) დროს, ღირსმა იოსებმა მეორეჯერ დაითმინა დევნა ერეტიკოსთაგან: თერთმეტი წელი ხერსონში იყო გადასახლებული; 842 წელს წმიდა თეოდორა დედოფლის ბრძანებით იგი გაანთავისუფლეს, მაგრამ დედოფლის ძმის, ბარდას მხილებისთვის კვლავ გადაასახლეს და დააბრუნეს მხოლოდ ბარდას გარდაცვალების შემდეგ, 867 წელს.
პატრიარქმა ფოტიოსმა (857-867, 877-886) წმიდანი ძველ ხარისხსა და უფლებებში აღადგინა და კონსტანტინეპოლელი ქრისტიანების მოძღვრად დანიშნა.
ღრმად მოხუცი ღირსი იოსები დაავადმყოფდა. დიდ პარასკევს უფალმა მას გამოუცხადა, რომ მალე განისვენებდა მართალთა ძილით. ღირსმა მამამ აღწერა სოფიის ტაძრის საგანძური და გაუგზავნა პატრიარქ ფოტიოსს; რამდენიმე დღე ემზადებოდა სიკვდილისათვის. ეზიარა, აკურთხა მასთან მყოფნი, ბოლოს კი სიხარულით შეავედრა სული უფალს.
გიორგი მალეიელი
საეკლესიო კალენდარში 17 აპრილი ღირსი გიორგი მალეიელის (IX) ხსენების დღეა.
გიორგი მალეიელი მონაზონი იყო. იგი მოღვაწეობდა პელოპონესში მალეის მთაზე და იქვე გარდაიცვალა. მას, წმინდა ცხოვრებისათვის, მიწიერ ანგელოზს უწოდებდნენ.
ზოსიმე პალესტინელი
საეკლესიო კალენდარში 17 აპრილი ზოსიმე პალესტინელის ხსენების დღეა.
ზოსიმე პალესტინელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ძუნწი ცნობები შემონახულია წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაში, საიდანაც ვგებულობთ, რომ აბბა ზოსიმე ადრეული ყრმობის ასაკში შესულა პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, სადაც მკაცრ ასკეტურ მოღვაწეობაში გაუტარებია 53 წელი, შემდეგ კი უფლის ჩაგონებით გადასულა იორდანიის მხარეშიდა იქ, უდაბნოში, შეხვედრია ღირს დედა მარიამ მეგვიპტელს, რომელსაც ბერისათვის მოუყოლია თავისი თავგადასავალი. წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაში აბბა ზოსიმეს შესახებ ნათქვამია, რომ მას ჰქონდა მონასტრული ცხოვრების დიდი გამოცდილება და ამიტომაც მიმართავდნენ რჩევისათვის არა მარტო იმ სავანიდან, სადაც იგი მოღვაწეობდა, არამედ მეზობელი და შორეული მონასტრებიდანაც კი. ჩანს, რომ მას ზეპირი საუბრები უფრო ეხერხებოდა, ვიდრე წერა. წმიდა მარიამის შესახებაც მან მონასტრის ძმებს გადასცა ზეპირად და ერთ-ერთმა ძმათაგანმა - წმიდა სოფრონმა, გადაიტანა ქაღალდზე. წმინდანის საუბრების უმეტესობა ჩაწერილია გერასიმეს ლავრაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდე აბბა ზოსიმეს საუბრების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია, ამ მცირეოდენითაც კარგად ჩანს, თუ როგორ განვლო წმიდა მამამ მრავალი წლის მანძილზე ბერული ცხოვრების გზა, როგორ გაიარა ქრისტიანულისრულყოფის ყველა ხარისხი და როგორ ავიდა სიწმიდის მწვერვალზე, რაც მიიღწევა ღვთის მადლის შეწევნით. ღირსმა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა მიისვენა.
წმიდა ზოსიმეს სწავლანი ქართულად ბრწყინვალედ უთარგმნია ღირს მამა ექვთიმე მთაწმინდელს XI საუკუნეში.
ფერბუთა ქალწული
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 17 აპრილი წმიდა მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეა.
ფერბუთა ქალწული დასთან და მხევალთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 341-343 წლებს შორის. ფერბუთა და მისი და, რომლის სახელიც უცნობია, იყვნენ ქრისტესთვის აღსრულებული სელევკიის ეპიკოპოსის სიმეონის ღვიძლი დები. ისინი მოსამსახურესთან ერთად წაიყვანეს სპარსეთის მეფის, საპორის კარზე. წმიდა ფერბუთა საარაკო სილამაზით გამოირჩეოდა. დედოფალმა მას ურჩია, გათხოვილიყო, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა, რადგან ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. მალე დედოფალი დასნეულდა. მის სამკურნალოდ მოწვეული მოგვი დაატყვევა ქალწულის სილამაზემ და ცოლობა სთხოვა. წმიდა ფერბუთამ კი უპასუხა, რომ ის ქრისტეს სასძლოა.
გაბოროტებულმა მოგვმა მეფეს მოახსენა, დედოფალი მოახლეების მიერ არისო მოწამლული, რის შემდეგაც, საპორის ბრძანებით, წმიდა ფერბუთა დასთან და მოახლესთან ერთად დაატყვევეს.
სასამართლოზე წმიდა მოწამეებმა უშიშრად აღიარეს ქრისტიანობა, განაცხადეს, რომ ბოროტება არ ჩაუდენიათ, მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილის დასათმენად მზად არიან.
მთავარი მოსამართლე, მოგვი მავპტისიც დააბრმავა ქალწულის სილამაზემ და საიდუმლოდ შესთავაზა საპყრობილიდან განთავისუფლება, თუ ის ცოლობაზე დათანხმდებოდა. იმავე წინადადებით მიმართა ფერბუთას ორმა სხვა მსაჯულმაც. წმიდა ქალწულმა ყველა წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ქრისტეს სასძლოა და მიწიერ ქორწინებაზე არასოდეს დათანხმდება.
ამის შემდეგ მოწამეებს ჯადოქრობაში და დედოფლის მოწამლვაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს.
ქრისტიანებმა მალულად ამოასვენეს წმიდა მოწამეთა ნეშტი და პატივით დაასაფლავეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.