ორი საქმის ფიგურანტი ოპოზიციონერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მუმლაძისთვის, რომელიც ერთბაშად ორი საქმის ფიგურანტია, ოპოზიციის აქტივისტებმა თანხის შეგროვება უკვე გამოაცხადეს.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის აქტივისტი გიორგი მუმლაძე 3 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, განუცხადა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.

მუმლაძე პოლიციასთან კონფლიქტის გამო დააკავეს 14 აპრილს აქციაზე, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან იმართებოდა. პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მუმლაძე თანამოაზრეებთან ერთად ოფისის შენობაზე წარწერის გაკეთებას ცდილობდა.

„მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობაც და შესაბამისად, დადგინდა გირაო 3 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის შემთხვევაშიც გიორგი მუმლაძე გათავისუფლდება აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო ღონისძიებისგან“, - განაცხადა ჩომახაშვილმა.
თავისუფლება მელიას: ენმ-ის მხარდამჭერებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს

ასევე, ადვოკატის თქმით, სასამართლომ მუმლაძის გათავისუფლებისთვის გამონაკლისის სახით გირაოს ნახევარი თანხის გადახდა დაუშვა.

მუმლაძისთვის, რომელიც ერთბაშად ორი საქმის ფიგურანტია, ოპოზიციის აქტივისტებმა თანხის შეგროვება უკვე გამოაცხადეს.

შსს-ს ვერსიით, მუმლაძემ პოლიციასთან შეტაკებისას პოლიციელს უკბინა. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ მუხლით და მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მუმლაძის დაკავების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქტივისტის დაკავებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც ის დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.