ბათუმში 29 წლის მამაკაცმა გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრა

პოლიციელი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ხოლო თავდამსხმელს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის გამო 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ბათუმში დააკავეს მამაკაცი, რომელიც გამოძახებაზე მისულ პოლიციელზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს, სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით მისულ პოლიციელებს 1992 წელს დაბადებულმა მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს მინის ბოთლი ჩაარტყა.

დაშავებული სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. თავდამსხმელს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.