თავდამსხმელს შვიდი მძევალი ჰყავდა აყვანილი – შსს განცხადებას ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე აწარმოებდა.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 28 წლის ნიკოლოზ  წურწუმია დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია – მას იარაღი ნისიად ჰქონდა ნაყიდი

დღეს მეტროს სადგურ „ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.