თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ოპერირების სიხშირეს ზრდიან ავიაკომპანიები Georgian Airways, El Al Israel Airlines, Israir Airlines და Arkia, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
უწყების ცნობით, ფრენები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა, ბათუმის მიმართულებითაც განხორციელდება.
ავიაკომპანია Georgian Airways-მა რეგულარული ფრენები თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით განაახლა. ავიარეისები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. 19 აპრილიდან ავიაკომპანია El Al Israel Airlines თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში ხუთჯერ (გარდა უქმეებისა) შეასრულებს. გარდა ამისა, ავიაკომპანია 18, 22, 25 და 29 აპრილს ავიარეისებს თელ-ავივი–ბათუმი–თელ-ავივის მიმართულებით შეასრულებს.
ავიაკომპანია Arkia თელ-ავივი–თბილისი–თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს ორშაბათს და პარასკევს შეასრულებს. ბათუმიდან თელ-ავივში და პირიქით ფრენები კვირაში ხუთჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.
Israir Airlines მიმდინარე წლის მაისიდან ფრენების სიხშირეს ზრდის, შესაბამისად, ბათუმის მიმართულებით რეისები კვირაში რვაჯერ, თბილისში კი ივნისიდან კვირაში ხუთჯერ შესრულდება. ასევე ავიაკომპანია პერიოდულად გეგმავს დამატებითი რეგულარული ფრენების განხორციელებას როგორც თბილისის, ასევე ბათუმის მიმართულებით.
ავიაკომპანიებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან რეგულარულ ფრენებზე ნებართვები უკვე მიიღეს.
დღეისათვის საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ავიაკომპანია კვირაში 70 ავიარეისს ასრულებს, ზაფხულისთვის კი მათი რაოდენობა 200-მდე გაიზრდება. შედარებისთვის, 2020 წლის აგვისტოში კვირაში მხოლოდ 12 რეისი სრულდებოდა.