ჯანდაცვის უწყებამ ჩინური Sinopharm-ის გამოყენებაზე თანხმობა გასცა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინურ პრეპარატს ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ამ პრეპარატს უკვე იყენებს ვაქცინაციისთვის.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

„მომავალ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტთა ჯგუფი დაასრულებენ მუშაობას ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლსა და დეტალურ რეკომენდაციებზე. ქვეყანა Sinopharm-ით ვაქცინაციას იწყებს. მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინის ადმინისტრირების პროცესი“, – განაცხადა გაბუნიამ.
რამდენად ეფექტურია ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველომ მიიღო? – ეპიდემიოლოგის განმარტება

ეპიდრისკების გათვალისწინებით, ექსპერტები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში ჩინური ვაქცინის დროულად ჩართვას, აღნიშნა მან. 

გაბუნიას თქმით, ჩინურმა ვაქცინამ ჯანმოს ავტორიზაცია აპრილის ბოლოსთვის უნდა მიიღოს, ქვეყანა კი მის გამოყენებას მაისის დასაწყისიდან დაიწყებს.

ჩინური ვაქცინა Sinopharm მსოფლიოს 35 ქვეყანაშია აღიარებული და აღნიშნული პრეპარატის 200 მლნ დოზამდე უკვე გამოყენებულია.

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. საქართველო ასევე ელოდება Sinovac-ის ვაქცინას, რომელსაც ჩინეთიდან უსასყიდლოდ მიიღებს. 

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

საქართველოში უახლოეს დღეებში ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია დაიწყება

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26.427 ადამიანს ჩაუტარდა.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.