რუსეთმა აშშ-ს საპასუხო სანქციები დაუწესა: სიაში FBI-ს დირექტორი და დაზვერვის შეფი მოხვდნენ

მანამდე აშშ-ი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ორგანიზაციასა და მაღალი რანგის პირებს, და ასევე გადაწყვიტა, გააძევოს ქვეყნიდამ ათი რუსი დიპლომატი
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. რუსეთი ქვეყანაში შესვლას უკრძალავს აშშ–ის რვა მოქალაქეს, მათ შორის, შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორს, შიდა უსაფრთხოების მინისტრსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აშშ-ის ახალი ანტირუსული სანქციები სუვერენულ ვალს შეეხება

აღნიშნული აკრძალვები რუსეთმა აშშ–ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების პასუხად შემოიღო.

„მიმდინარე წლის 2 მარტს აშშ–ის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების პასუხად, რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა ეკრძალება შემდეგ მოქმედ  და ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და მოღვაწეებს, რომლებიც ანტირუსული კურსის რეალიზაციასთან არიან კავშირში: აშშ–ის გენერალურ პროკურორ მერიკ გარლანდს, აშშ–ის ციხეების ფედერალური ბიუროს დირექტორ მაიკლ კარვაჰალს, აშშ–ის შიდა უსაფრთხოების მინისტრ ალეხანდრო მაიორკასს, აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველს შიდა პოლიტიკურ საკითხებში სუზან რაისს, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ კრისტოფერ რეის, აშშ–ის ეროვნული დაზვერვის დირექტორ ერვილ ჰეინსს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აშშ–ის პრეზიდენტმა  ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებულებას ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების შესახებ, რომლის ძალითაც შეერთებული შტატები უკრძალავს ამერიკულ კომპანიებს, პირდაპირ შეიძინონ 2021 წლის 14 ივნისის შემდეგ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა თუ „ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ მიერ გამოშვებული ობლიგაციები.

გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის 16 ორგანიზაციასა და ასევე 16 პირს, რომლებიც კავშირში არიან აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან, და ყირიმთან დაკავშირებულ რვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის, ყირიმის მთავრობის წევრებს. ამასთან ერთად აშშ-ის ხელისუფლებამ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს ათი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღო.