„ქართული ოცნება“ ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს ხელს აწერს

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ დოკუმენტზე ხელმოსაწერად დიალოგის დასკვნით ეტაპზე უკვე იყო მზად, თუმცა აქამდე ხელი იმის გამო არ მოაწერა, რომ ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საჯაროდ აწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად თბილისს მარტის ბოლოს მეორედ ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც მხარეებს კომპრომისული დოკუმენტი შესთავაზა. თუმცა მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერეს. ოდნავი დაახლოება, ისიც ზეპირი ფორმით, შეთანხმების ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტზე მოხდა: საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ხელისუფლების განაწილება პარლამენტში.

„ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრიცნიპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

კობახიძე: ხელისუფლება ოპოზიციასთან კომპრომისისთვის მზადაა

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნებით არის გამყარებული“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.  დოკუმენტი მოიცავს ხუთ პუნქტს:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები.

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს. დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე.