დავით კოდუას ციხეში კორონავირუსი დაუდასტურდა

ბიზნესმენი დავით კოდუა რამდენიმე დღის წინ ცოლის შეტყობინების საფუძველზე დააკავეს, სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოდუას პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის დროს, 14 აპრილს ჩატარებული ტესტის შედეგად კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, მაგრამ 15 აპრილს, განმეორებითი ტესტირებისას დაუდასტურდა.

„ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.

პოლიციამ საქართველოს შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა 12 აპრილს დააკავა მისი მეუღლის შეტყობინების საფუძველზე. 

სასამართლომ დავით კოდუას პატიმრობა შეუფარდა

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად გირაოს შეფარდებას, ბრალდების მხარე კი დაკავებულის პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.

როგორც ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ოჯახურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, კონფლიქტი მისმა მეუღლემ დაიწყო, თავად კი კონფლიქტისგან თავის არიდებას ცდილობდა.

„არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. ოთხი შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, ემოციებით დატვირთული ქალი იყო და ეჭვიანობის ნიადაგზე გაუგებრობა მოხდა“, – განაცხადა კოდუამ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.