„პუტინს შეხვედრა ზაფხულში შევთავაზე: ბაიდენმა კომენტარი გააკეთა

ბაიდენის მიერ პუტინისთვის პირადი შეხვედრის შეთავაზების ფონზე ფაშინგტონმა მოსკოვს ახალი სანქციები დაუწესა.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბრისას სამიტის ევროპაში ჩატარება შესთავაზა მიმდინარე ზაფხულს.

აშშ-ის ახალი ანტირუსული სანქციები სუვერენულ ვალს შეეხება

ამის შესახებ ბაიდენმა თავად განაცხადა თეთრ სახლში რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის თაობაზე საუბრისას.

„პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას აღვნიშნე, რომ პირადი, პირდაპირი კონტაქტები ჩვენ შორის ძალიან მნიშვნელოვანია უფრო ეფექტური ურთიერთობებისთვის. ის დაეთანხმა ამ მოსაზრებას. ამასთან დაკავშირებით მე პირადი შეხვედრა შევთავაზე მას ამ ზაფხულს ევროპაში სამიტის ფარგლებში, რათა ის საკითხები განვიხილოთ, რომლებსაც ჩვენი ქვეყნები აწყდებიან“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, გუნდები უკვე განიხილავენ ამგვარ შესაძლებლობას.

გარდა ამისა, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, „ამ სამიტზე აშშ და რუსეთი შეძლებენ წამოიწყონ დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის თაობაზე, რათა შეიარაღებაზე კონტროლისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა შესაძლებელი იყოს“.

„ჩვენ შევძლებთ გადავჭრათ უმნიშვნელოვანესი გლობალური გამოწვევები, რომლებიც რუსეთისა და აშშ-სგან ერთად მუშაობას მოითხოვს, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხეების, პანდემიისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით“, — თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ავსტრია მზადაა უმასპინძლოს ბაიდენისა და პუტინის პირისპირ შეხვედრას

ამის პარალელურად ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებულებას ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების შესახებ, რომლის ძალითაც შეერთებული შტატები უკრძალავს ამერიკულ კომპანიებს, პირდაპირ შეიძინონ 2021 წლის 14 ივნისის შემდეგ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა თუ „ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ მიერ გამოშვებული ობლიგაციები.

გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის 16 ორგანიზაციასა და ასევე 16 პირს, რომლებიც კავშირში არიან აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან, და ყირიმთან დაკავშირებულ რვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის, ყირიმის მთავრობის წევრებს. ამასთან ერთად აშშ-ის ხელისუფლებამ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს ათი თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღო.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვაშინგტონის სანქციები ხელს არ უწყობს პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის ჩატარებას.