საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings შემოდის, იუწყება  საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.

ავიაკომპანია, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს 21 ივლისიდან გეგმავს.

Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის ავიარეისებს 21 ივლისიდან კვირაში ორჯერ  განახორციელებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ქუთაისიდან მგზავრებს ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მოემსახურება

უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2017 წლიდან აქტიურად მუშაობდა ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით.

„გვჯერა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოებს“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.

ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია.

პირველ ეტაპზე ავიაკომპანია დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების შესრულებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (ოქტომბერი) გეგმავს.