თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
საქართველოს სახმელეთო საზღვრები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან ჩაიკეტა, ღიაა მხოლოდ ტვირთის გადამზიდავებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან.