ბათუმში ახალი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა

ახალი სასწავლებელი, რომელიც თანამედროვე სიმულატორებით და ტრენაჟორებით არის აღჭურვილი, ქართველ მეზღვაურებს მაღალი დონის მოკლევადიან საწვრთნელ კურსებს შესთავაზებს.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ბათუმში ახალი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი Qualship Georgia Maritime Training Cente ოფიციალურად გაიხსნა, იუწყება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

Qualship Georgia Maritime Training Center მეექვსე საზღვაო საწვრთნელი ცენტრია საქართველოში.

ახალი სასწავლებელი, რომელიც თანამედროვე სიმულატორებით და ტრენაჟორებით არის აღჭურვილი, ქართველ მეზღვაურებს მაღალი დონის მოკლევადიან საწვრთნელ კურსებს შესთავაზებს. 

აჭარის მთავრობა სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

ახალი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი სასწავლებლის ბერძენ მფლობელთან ალექსანდერ გალანაკისთან და მეზღვაურთა წვრთნის ხელმძღვანელ დიმიტრის კალოსაკასთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა დაათვალიერა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ცენტრის ხელმძღვანელობას საზღვაო სასწავლებლის აღიარების სერტიფიკატი გადასცა და ყურადღება გაამახვილა ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოსადმი ბერძნული კომპანიების გაზრდილ ინტერესზე. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან ძალისხმევას დებს ქართველ მეზღვაურთა დასაქმებისა და საზღვაო ბიზნეს-გარემოს გასაძლიერებლად

„საზღვაო სფეროში საქართველოსა და საბერძნეთს ძალიან მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ. ეს ძალიან მაღალ დონეზე აღჭურვილი საზღვაო სასწავლებელიც ამის დასტურია, რომლის გახსნაც მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით, პირველ რიგში, ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ბოლო პერიოდში, პანდემიის მიუხედავად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე და შესაბამისად მზარდი მოთხოვნაა მოკლევადიან გადამზადების კურსებზეც“, – განაცხადა იოსელიანმა და აქვე დასძინა, რომ მსგავსი ცენტრი მნიშვნელოვანია საზღვაო სასწავლებლების განვითარებისათვის და კონკურენციის გასაზრდელად.