ახალციხეში ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას 1,8 მლნ ლარი მოხმარდება

რეკრეაციული ზონა კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება ახალციხის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის, აღნიშნავენ უწყებაში
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება – მისი ღირებულება 1,8 მილიონი ლარია. 

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა აღდგა

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტბასთან მისასვლელი გზა, პარკინგი, სპორტული მოედნები, სკვერი, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

მიუხედავად კოროავირუსის პანდემიისა, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში წელსაც აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მიმდინარე წელს 19 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

 „მნიშვნელოვანია, რომ პროექტები მრავალფეროვანია და მოიცავს გზების, ბაღების, სკოლების, სკვერების, სპორტული მოედნების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობას. ყველა პროექტი მორგებულია რეგიონის საჭიროებებს“, – განაცხადა  ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ილია ბეგიაშვილმა ახალციხეში სამუშაოების გაცნობის შემდეგ.

2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტი 280 მლნ ლარს შეადგენს.