თბილისის კინომსახიობთა თეატრში ჰაინერ მიულერის „ჰამლეტი/მანქანა“ დადგეს

სპექტაკლი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მსოფლიო შეშლილობა, ომი, ფემინიზმი, ტოტალიტარიზმი, ეკოლოგიური კატასტროფა და გლობალიზაცია
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში პრემიერაა - 18 აპრილს სცენაზე იქნება წარმოდგენილი სპექტაკლი „ჰამლეტი/მანქანა“ (გერმანელი დრამატურგის, ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით).

„ჰამლეტი/მანქანა“ - ესაა პოსტმოდერნისტული დრამა, რომელიც მიულერმა უილიამ შექსპირის „ჰამლეტის“ მოტივებზე 1977 წელს დაწერა. პიესა სავსეა სხვადასხვა სიმბოლოებით და ალუზიებით და ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მსოფლიო შეშლილობა, ომი, ფემინიზმი, ტოტალიტარიზმი, ეკოლოგიური კატასტროფა და გლობალიზაცია და სხვ.

თუმანიშვილის თეატრის სცენაზე „ჰამლეტი/მანქანა“ ზურაბ გეწაძემ დადგა.

„ახალი სპექტაკლი „ჰამლეტი/მანქანა“ თანამედროვე მაყურებელს შესთავაზებს მოულოდნელი, ორიგინალური კუთხით დანახულ, საუკუნეების წინ წამოწეულ „ჰამლეტის პრობლემას“ - მოაზროვნე ადამიანის მდგომარეობას დღევანდელ მსოფლიოში, რომლისთვისაც ისევე რთულია ადათ-წესებზე დაფუძნებული, კარგად მოფიქრებული და გააზრებული გადაწყვეტილების განხორციელება, როგორც 1600 წელს შექსპირის პერსონაჟისათვის“, - ნათქვამია სპექტაკლის ანონსში.

სპექტაკლში მონაწილეობენ: პაატა ინაური, ვანო თარხნიშვილი, ლია კაპანაძე, ნინი იაშვილი, ქეთა შათირიშვილი, ნიკა წერედიანი, ნანუკა ლითანიშვილი, ქეთი ასათიანი, გაგი შენგელია, თორნიკე ქასრაშვილი.

როგორც თეატრში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია ახალი ფორმების, გამომსახველობითი საშუალებებისა და თამაშის ახლებური ხერხების ძიება ექსპერიმენტების საშუალებით. სპექტაკლი რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.