თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარში“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციას შეუერთდა, რომელიც სოფელ გუმათში მიმდინარეობს.
„რიონის ხეობის მცველები“ 172-ე დღეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და ინვესტორმა ხეობა დატოვოს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.
აქციის მონაწილეები უარს აცხადებენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან მოლაპარაკებების გამართვაზე და პროცესში პრემიერ ღარიბაშვილის ჩართვას მოითხოვენ.
გუშინ მხარეებს შორის მედიატორის როლის შესრულებაზე მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს საპატრიარქომ.
როგორც საპროტესტი მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შსს-ს წარმომადგენლებს, მისცენ მათ სოფელ ნამოხვანში აქციის ჩატარების უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში პიკეტირება დაიწყება და „რიონის ხეობის მცველთა“ მოძრაობა საქართველოს ქალაქების პარალიზებას მოახდენს, თქვა გოლეთიანმა.
სოფელ გუმათში კვლავ მობილიზებულია პოლიცია, რომელიც დემონსტრანტებს ნამოხვანის მიმართულებით არ უშვებს. გუშინ გუმათისკენ მიმავალი გზა პოლიციელებმა რკინის ღობეებით გადაკეტეს.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხოლო თურქულ კომპანია Enka-სთან ხელისუფლებამ კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.
თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.
„ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.