თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ქართულმა პასპორტმა 2021 წლის მეორე კვარტალში The Henley Passport Index 2021-ის საერთაშორისო რეიტინგში 50-ე ადგილი დაიკავა.
ამგვარად, ქართულმა პასპორტმა ერთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია - 2021 წლის პირველ კვარტალში ის 51-ე ადგილზე იყო.
ყველაზე „ძლიერს“ ექსპერტები უწოდებენ პასპორტებს, რომლებიც მფლობელებს ამა თუ იმ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის ან ვიზის ადგილზე მიღების შესაძლებლობას აძლევენ. მაგალითად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღიაა 116 ქვეყნის კარი.
საქართველოს „მეზობლები“ რეიტინგში არიან ბოსნია და ჰერცოგოვინა (49-ე ადგილი) და ალბანეთი (51-ე ადგილი).
გეოგრაფიული მეზობლებიდან საქართველოს გაუსწრო მხოლოდ რუსეთმა (48-ე ადგილი), მაშინ როცა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი 52-ე, 78-ე და 74-ე ადგილებზე აღმოჩნდნენ.
მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის მფლობელი კვლავ იაპონიაა. ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ 193 ქვეყანაში ჩასვლა. იაპონია წინა რეიტინგის ლიდერიც იყო. მისი შედეგი 191 ქვეყანას შეადგენდა. მეორე ადგილზეა სინგაპური (192 ქვეყანა), მესამეზე კი გერმანია (191 ქვეყანა).
რეიტინგის ბოლო ადგილს კვლავ ინარჩუნებს ავღანეთი (110-ე ადგილი) - მის მოქალაქეებს მხოლოდ 26 ქვეყანასა და ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ.
Henley & Partners-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სავიზო მოთხოვნები ასახავენ ქვეყნის სტატუსს მსოფლიო თანამეგობრობის ფარგლებში: სავიზო შეზღუდვების არარსებობა ბიზნესის ეფექტურად წარმოების, საერთაშორისო კონტაქტების დამყარების, გლობალური საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებისა და მოგზაურობის საშუალებას იძლევა.