როდის შემოვა საქართველოში AstraZeneca-ს და Pfizer-ის დამატებითი დოზები?

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 24 ათასამდე მოქალაქემ გაიკეთა, რაც, ეპიდემიოლოგების თქმით, საკმაოდ მცირეა.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. აპრილში საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინის 900 ათასი დამატებითი დოზა უნდა მიიღოს, ზუსტი დრო დგინდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

მინისტრი ასევე შეეხო ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინის თემას, რომლის 100 ათასი დოზა ქვეყანამ უკვე მიიღო. ტიკარაძის მტკიცებით, უწყება გამოკითხვას ატარებს, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობაში აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 

რამდენად ეფექტურია ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველომ მიიღო? – ეპიდემიოლოგის განმარტება

„დარწმუნებული ვარ, რომ ის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ჯანდაცვის სექტორს იმისთვის სჭირდება, რომ Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყოს, იმ პერიოდს დაემთხვევა, როდესაც ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს. ჩვენ ყველა რისკს გავითვალისწინებთ და ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც Sinopharm-ის ვაქცინაზე კომპეტენტური ორგანოებისგან შესაბამის რეკომენდაციებს მივიღებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება Pfizer-ის დამატებით დოზებს, საქართველო მწარმოებლებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ქვეყანა Pfizer-თან მიმართებითაც აზუსტებს პრეპარატის მოწოდების ზუსტ თარიღსა და ეტაპებს. წინასწარი ინფორმაციით, საქართველომ აღნიშნული პრეპარატის 1 მლნ დოზა უნდა მიიღოს.

ტიკარაძის თქმით, მწარმოებლისგან საქართველომ უკვე მიიღო თანხმობა ამ მოცულობის ვაქცინის მოწოდებაზე.

„ვაქცინის მოწოდების ბოლო ეტაპები ზუსტდება, ასევე ზუსტდება თარიღი, თუ როდის შემოვა Pfizer-ის შემდეგი პარტია ქვეყანაში. გამორიცხულია, რომ ეს აპრილში მოხდეს, თარიღი ზუსტდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველომ AstraZeneca-ს (43 200 დოზა) ვაქცინა 13 მარტს, Pfizer-ის (დაახლოებით 30 ათასი დოზა) კი 25 მარტს მიიღო. ქვეყანაში უკვე შემოვიდა ჩინური წარმოების ვაქცინის 100 ათასი დოზა, მაგრამ როდის დაიწყება მისი გამოყენება, ჯერჯერობით უცნობია.